ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ქართულ ოცნებას ახასიათებს, რადგან, მისივე თქმით, მმართველი პარტიის საფირმო ნიშანი შუღლის გაღვივებაა.
როგორც მელიამ აღნიშნა, ქართული ოცნება 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ძალადობას ახალისებს.
"ალბათ ძალიან მიამიტობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისის ქუჩებს. ბევრი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება ქართული ოცნების სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის - ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით.
მეორე მიზეზი - ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და ძარცვავს... პრემიერმინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის", - ამბობს მელიამ.
თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.
პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.
უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.