ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ტვ პირველთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მოლაპარაკებების დასრულებამდე არ აპირებენ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტნიორებს შორის ნდობის გაღრმავებას ხელს არ უწყობს.
მელიას თქმით, რესპუბლიკური პარტიის წევრებს განცხადების ბუნდოვანი ნაწილის განმარტება მოუწევთ.
"რესპუბლიკურმა პარტიამ ასეთი საკომუნიკაციო არხი არჩია საზოგადოებასთან. ჩვენ "ძალა ერთობაშია" ბლოკმა მივიღეთ სხვა გადაწყვეტილება. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაევრცელებინათ ეს განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. უბრალოდ, მათ უნდა განმარტონ, რაც ბუნდოვანია, ნამდვილად თუ 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები, ისინი აპირებენ, დეპუტატები იყვნენ? იქ წერია, რომ მიმართავენ შესაბამის უწყებას განცხადებით მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება. მე მაქვს კითხვა და შესაძლებლობა როდესაც მექნება, ამ კითხვას დავუსვამ. ძალა ერთობაშია ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე რესპუბლიკურმა პარტიამ და ეს ხელს არ უწყობს ნდობის გაღრმავებას პარტნიორებს შორის და ამაზე საუბარი შესაბამის ფორმატში გვექნება", - განაცხადა მელიამ.
რესპუბლიკურ პარტიაში გამოქვეყნებული განცხადებაში წერია, რომ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე არ მიმართავდნენ.
რესპუბლიკელების განცხადებამ ბლოკის სხვა წარმომადგენლების მწვავე შეფასებებიც კი გამოიწვია. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები ალეკო ელისაშვილის გზას დაადგნენ.
რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, მოქალაქეების გარდა, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია მანდატების გაუქმებასა და სიის დახურვაზე პარლამენტს 14 დეკემბერს მიმართავს. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.
ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუმცა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.
მოლაპარაკებების 4 რაუნდის გამართვის შემდეგ, პარტიების უმეტესობას მიაჩნიათ, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ.
პროტესტის დემონსტრირებისთვის დღეს, 11 დეკემბერს ერთპარტიული პარლამენტის პირველად შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მანდატების გაუქმების მემორანდუმს მოაწერა ხელი.