logo
ENG



ფორმულას ექსკლუზივი: რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას - დოკუმენტი

06 დეკ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. 

დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. 

რა წერია დოკუმენტში: 

1. პოლიტიკური პატიმრები 

  • უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

2. საპარლამენტო არჩევნები

ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს 

ვარიანტი 2. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით

3.    საარჩევნო სისტემა 

  • ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით
  • თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

4.    საარჩევნო ადმინისტრაცია 

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ
  • საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები
  • საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება
  • ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას
  • მკაფიოდ უნდა გაიწეროს ხმების გადათვლის საფუძვლები და წესები. ყველა დაუბალანსებელი ოქმი გადათვლის ავტომატური წინაპირობა უნდა გახდეს, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა
  • უბნები, რომელშიც აღმოჩნდება, რომ ურნაში მეტი ბიულეტენია, ვიდრე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, ავტომატურად უნდა გადაითვალოს კომისიის მიერ. დისბალანსის დადასტურების შემთხვევაში, უბნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ასეთ უბნებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები
  • ბიულეტენების გატანა საარჩევნო უბნიდან უნდა აიკრძალოს (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა). ბიულეტენს უნდა ჰქონდეს ე.წ. RFID სტიკერი, ხოლო უბნების შესასვლელებში ამავე სტიკერის დეტექტორები, რაც გამორიცხავს, უბანზე საარჩევნო პროცესის დროს ბიულეტენის გამოტანა - შეტანას
  • ხმის მიცემა შესაძლებელი უნდა გახდეს მხოლოდ ელექტრო ჩიპიანი პირადობის მოწმების მეშვეობით. პირადობის მოწმობები უნდა დარიგდეს სახელმწიფოს მიერ უფასოდ, მათ შორის, ემიგრანტებზე 
  • უნდა დაინერგოს ელექტრონული კენჭისყრის ელემენტები, როგორებიცაა ელექტრონული ხმის მიცემის მანქანების გამოყენება
  • უნდა მოხდეს თითის ანაბეჭდების ამოსაცნობი სისტემის გამოყენება ე.წ. კარუსელის გამოსარიცხად
  • უნდა აიკრძალოს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონით შესვლა
  • კომისიას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გააძევოს პარტიის წარმომადგენელი უბნიდან. პარტიას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეცვალოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერ დროს (წარმომადგენლები წინასწარ უნდა იყვნენ ნომინირებული პარტიების მიმართ)
  • ყველა უბნიდან უნდა ხდებოდეს უწყვეტი პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია. კამერა #1 უნდა იღებდეს უბნის პერიმეტრს; კამერა #2 - საარჩევნო უბანს; კამერა #3 - დათვლის პროცესს. კომისიის წევრები ვალდებული უნდა იყონ თითოეული ბიულეტენი მიუშვირონ კამერას დათვლისას. ბიულეტენების დათვლის უწყვეტ ვიდეოში უნდა ჩანდეს თუ რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო
  • უნდა აიკრძალოს საარჩევნო დღეს საარჩევნო უბნების ირგვლივ ადამიანების შეკრება (მაგალითად, არანაკლებ 100 მეტრის რადიუსით)
  • გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის წესები და მოვიდეს შესაბამისობაში ეუთო/ოდირის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. საჯარო მოხელეებს აკრძალული უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა
  • საარჩევნო დავების განხილვის წესი უნდა შეიცვალოს: ვარიანტი 1. საარჩევნო დავებისთვის იქმნება საგანგებო ნაფიცი მსაჯულების ჯგუფი, რომლებიც ინიშნება პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით; ვარიანტი 2. იქმნება დროებითი საარჩევნო სასამართლოები, რომლებშიც მოსამართლეები ინიშნება სახალხო დამცველის წარდგინებით პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.

close დახურვა