logo
ENG



მერიამ გარემოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვა, შემდეგ კი პროდუქცია დაუზიანა

07 დეკ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

2 დღეა მერია დელისის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრება. 

მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიაზე დღესაც მივიდნენ. მათ გამოჩენას კვლავ ხმაური მოჰყვა. 

აღსანიშნავია რომ, გარემოვაჭრეებმა ფორმულას ჯგუფს უთხრეს, რომ მას შემდეგ რაც გადამღებმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა, მერიის თანამშრომლებმა მათი პროდუქცია მიზანმიმართულად დააზიანეს.

მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს მუშაობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები კი ამბობენ, რომ შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ და გარე ვაჭრობის გარეშე ვერ იარსებებენ.

„რომ გინდოდა ხელის მოწერა და ისევ მერად გასვლა, პირველი ქალი მე ვარ, შეგიძლია ვაკის თანამშრომლებს ჰკითხო, რამდენი ხმა მოგიგროვე, იმიტომ რომ შენ მერჩივნე სააკაშვილს. დღეს გადადექი ბატონო და წადი ჩვენგან. არ გვჭირდები, თქვენგან არაფერი დახმარება მე არ მიმიღია. ისევ ვცხოვრობ სარდაფში. დაჯექი ჩემს ადგილზე, იცხოვრე ჩემსავით და მაშინ ვიქნები შენზე თანახმა. დანარჩენი არ მინდა“, - აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ფორმულასთან ინტერვიუში.

გარემოვაჭრეების თქმით, ხელისუფლება მათ დასაქმების ალტერნატივას ვერ სთავაზობს და მათ გარევაჭრობის გარდა სხვა არჩევანი არ რჩებათ. 

„ოჯახი უნდა შევინახო, ავადმყოფი ქმარი მყავს შვილიშვილები მყავს ობლები გასაზრდელი და არ უნდა დავეხმარო ჩემს ოჯახს? მოვიპარო მაინცდამაინც თუ ციხეში წავიდე და ისინი მშივრები დამრჩნენ? მაგათ 60 ლარზე მიმიფურთხებია. რა ჯანდაბად მინდა მაგათი 60 ლარი? თუ ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და ენერგია მაქვს, ვიმუშავებ და ოჯახს შევინახავ რად მინდა მაგათი ფული?

ჩვენ გაჭირვებულ ხალხს რომ გვთხოვენ პასუხს თავიანთ თავს შეხედონ მილიონები და მილიარდები აქვთ ნაშოვნი და ხალხი ქუჩაშია, ნაგავში ეძებს საჭმელს. რატომ ეძებს? კარგი ხელისუფლება რომ გვაქვს მაგიტომ, ხო?“, - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინაც მივიდნენ. მათ თქვეს, რომ გარემოვაჭრეები ტროტუარს კეტავენ და ფეხითმოსიარულეების უფლებებს ზღუდავენ. 

გუშინ, ერთ-ერთი მოვაჭრე მერიის ინსპექციამ 50 ლარითაც დააჯარიმა. 


close დახურვა