logo
ENG



მერია თბილისისთვის ახალ მთავარ ნაძვის ხეს იყიდის

15 ნოე 202311:57
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, წელს თბილისს ახალი მთავარი ნაძვის ხე ექნება, რადგან, გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფეიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.

კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება.

"გახსოვთ გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა. ფეიერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა ნაძვის ხე, რა თქმა უნდა, დაზიანდა, ამიტომ მოგვიწია ახლის ყიდვა...

საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია 2024 წლის მთავარი ნაძვის ხისთვის 730 ათას ლარს დახარჯავს.

თბილისის მერიამ ნაძვის ხე 2019 წელს იტალიიდან ჩამოიტანა და თითქმის 1 მილიონ ლარად შეიძინა. მას შემდეგ ნაძვის ხე რამდენჯერმე განახლდა. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხის განახლება თბილისის მერიის კომპანიას 2020 წელს 103 ათას ლარზე მეტი დაუჯდა, 2021 წელს კი 64 ათასი ლარი.

გასულ წელს კი ნაძვის ხეს ფეიერვერკი მოხვდა და დაზიანდა.


close დახურვა