გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს ცდილობდა, უკრაინაში საომარი ვითარება თავიდან აეცილებინა.
"დიდად სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ, რომ არ შევეცადე", - ამბობს მერკელი.
მერკელის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სასტიკ უგულებელყოფა გაუმართლებელია.
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, რადგან სურდა რუსეთთან შემდგომი ესკალაცია თავიდან აეცილებინა.
მერკელის თქმით, უკრაინა არ იყო მზად NATO-ს წევრობისთვის.
"ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც დღეს ვიცნობთ... ქვეყანა არ იყო სტაბილური, იყო კორუფციით გაჟღენთილი", - თქვა მერკელმა.
ანგელა მერკელს ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთისადმი მისი პოლიტიკის გამო. განსაკუთრებული მიზეზი ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის პროექტი გახდა, რომლის შეჩერებაზეც მერკელი უარს ამბობდა და რომლის ფარგლებშიც, გერმანიას რუსეთიდან გაზი პირდაპირ უნდა მიეღო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანიის ახალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა პროექტი შეაჩერა.
ყოფილმა კანცლერმა რუსეთთან ვაჭრობის მხარდაჭერის პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპა და რუსეთი მეზობლები არიან, რომლებსაც ერთმანეთის იგნორირება არ შეუძლიათ.