გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი 20 აგვისტოს მოსკოვში ვიზიტით გაემგზავრება. შემდეგ კი კანცლერი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, მერკელი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო დეტალები შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი. კრემლის პრესსამსახურში ამბობენ, რომ შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები, ამასთან, რიგი საერთაშორისო და რეგიონული საკითხები.
პუტინის შემდეგ, 22 აგვისტოს მერკელი კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს. მერკელსა და ზელენსკის შორის ბოლო შეხვედრა 12 ივლისს ბერლინში გაიმართა, სადაც ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის პროექტზე იმსჯელეს. ზელენსკი აღნიშნული პროექტის მშენებლობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშს უწოდებს.
მერკელი მოსკოვში ბოლოს გასული წლის იანვარში იმყოფებოდა. მას შემდეგ რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის რამდენიმე სატელეფონო საუბარი შედგა. მიმდინარე წლის მარტში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მონაწილეობით სამმხრივი ვიდეოკონფერენცია შედგა.
სექტემბერში მერკელის კანცლერობის ვადა გადის. ის აღარ აპირებს საკუთარი კანდიდატურა მეხუთედ დააყენოს. გერმანიის ახალი კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებით გაირკვევა, რომელიც 26 სექტემბერს გაიმართება.