logo

მესამე სექტორი გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვს

clock 23 მაი 202017:54

მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმები მოსახლეობას ჩამოაწეროს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ გამოწერილი ჯარიმების უმეტესობა კომენდანტის საათის დარღვევის გამოა გამოწერილი. EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის განცხადებით, ჯარიმების პროპორციულობაზე სერიოზული მსჯელობაა რთულია. 

"მათი გამოყენება ხშირ შემთხვევაში ხდებოდა სწორედ ყველაზე მოწყვლადი სოციალურ-ეკონომიკური ფენების მიმართ. ცხადია რთულია ვისაუბროთ ამ ჯარიმების პროპორციულობაზე და ცხადია მათ კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც რთულია. ამ ფონზე, როდესაც ისედაც მძიმე არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შეიძლება იყოს გონივრული ამ ჯარიმების გაუქმება და მათი გადახდისგან მოქალაქეების გათავისუფლება", - ამბობს გურამ იმნაძე.

ხელისუფლება მესამე სექტორის რეკომენდაციის გათვალისწინებას ჯარიმებთან დაკავშირებით არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ჯარიმების ჩამოწერას არ აპირებენ და მოქალაქეებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და გამოწერილი ჯარიმა ამ ფორმით გააპროტესტონ. 

"როდესაც მთელ ქვეყანას ემუქრება საფრთხე, რომელიც სიცოცხლეს ეხება, ყველა ადამიანმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რამდენად ადეკვატურად იყო ჯარიმა დანიშნული ამას სამართლებრივი მექანიზმებით გაარკვევენ, სასამართლო არსებობს. პოლიტიკური ასპექტის მინიჭება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს სურთ. რასაც აკეთებენ არაადეკვატურია და ადამიანები უნდათ ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმონ",- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. 

მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლიათ. სულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 7 ათასზე მეტი ჯარი დაიწერა და ჯამურმა ოდენობამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი მოწოდებით ბოლო 2 დღის განმავლობაში პარტია "ევროპული საქართველოც" გამოდის. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და ჯარიმები გააუქმოს. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა