logo
ENG



მეუფე ვახტანგი: ადამიანის ნებაა ვაქცინის გაკეთება, ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ უსაფრთხოა

17 მარ 202113:41
3 წუთის საკითხავი
 

ცურტაველი ეპისკოპოსი, მეუფე ვახტანგი ფორმულასთან საუბარში კორონავირუსის ვაქცინაციაზე ამბობს, რომ ეს "ყველა ადამიანის თავისუფალი ნებაა" და შესაბამისმა უწყებამ უნდა ახსნას მისი უსაფრთხოება. 

"ყველა ადამიანის თავისუფალი ნებაა აიცრება, თუ არ აიცრება და ვაქცინაციას ვინ როგორ მიიღებს. უნდათ გაიკეთონ, უნდა - არა.  სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, მათ უნდა შეძლონ, მეტი აგიტაცია, მეტი პროპაგარდა, გაათვიცნობიერონ, რომ ეს უსაფრთხოა და აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად", - ამბობს ეპისკოპოსი. 

ფორმულას ჟურნალისტის კითხვაზე, თავად მოუწოდებს თუ არა მრევლს ვაქცინაციისკენ, იგი ამბობს, რომ "მოძალადის პოზიციაში ეკლესია ვერ იქნება, არც უნდა იყოს". ამასთან, მეუფე ვახტანგი კვლავ იმეორებს, რომ ვაქცინაცია ადამიანის კეთილი ნებაა და "ჩვენ უნდა მივცეთ ახსნა-განმარტება, რომ ეს უსაფრთხოა". 

იგი, ასევე აკრიტიკებს ჯანდაცვის უწყებას, რომ უნდობლობის გასაქარწყლებლად ვერ შეძლეს, საკმარისი ინფორმაცია მიეწოდებინათ ხალხისთვის. 

"ეტყობა, მაინც მოუმზადებელია ჯანდაცვის სამინისტრო, ვისაც ევალება ეს საკითხები, რომ არ არის ინფორმაცია ხალხში, არ არის მოწოდებები, რა როგორ იყო, არ არის პირადი მაგალითები ჩინოვნიკებისგან, რომ მისცენ მოსახლეობას. ისრაელში ხომ გაიკეთა პრემიერმა ნეთანიაჰუმ? თვითონ აიცრა და ყველა ხედავდა, რომ ის აიცრა, ამის მაგალითები რომ არაა ხალხი ორჭოფობს, ყოყმანობს, ნდობის ფაქტორი რომ იკარგება, ამან განაპირობა ყველაფერი", - ამბობს ის. 

16 მარტს ფეისბუქლაივის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვა ვაქცინაციის პროცესში დახმარება და "გვერდში დადგომა".

მანვე განაცხადა, რომ ხალხს ხშირად სასულიერო პირების უფრო სჯერა, ვიდრე ექიმების, ამიტომ მათი როლი ამ პროცესში "განსაკუთრებულია". 

"გთხოვთ, რომ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში, ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე ძლიერ", - მიმართავს გამყრელიძე სინოდის წევრებს. 


close დახურვა