logo
ENG



რა არის პაპილომავირუსი და როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო?
27 იან 202316:32
9770

26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინა 26 წლის ჩათვლით ქალებისთვის უფასო იქნება. ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა გაავრცელა.

გაეროს ფონდის ცნობით, პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ადამიანის პაპილომავირუსია, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ ის მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად. გაეროს ფონდის ცნობით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინით, ხოლო ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შესაძლებელია. 

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი?

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს კანის, ან ლორწოვანი გარსების, მათ შორის პირის ღრუს, ან საშვილოსნოს ყელის ინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე კაცებში.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, პაპილომავირუსის ინფექციები ძალიან გავრცელებულია და სქესობრივად აქტიური ადამიანების 80% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, აუცილებლად ინფიცირდება აპვ-ის ერთი ან მეტი სახეობით.

აპვ ყველაზე ხშირად გავრცელებული სქესობრივად გადამდები ინფექციაა (STI). 2018 წელს მსოფლიოში აპვ ინფექციის 43 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმეტესობა თინეიჯერობის ბოლო წლებსა და ადრეულ 20-იან წლებში მყოფ ადამიანებში გამოვლინდა. 

ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს - პაპილომავირუსის ინფექციების უმეტესობა 2 წელში თავისით ქრება. თუმცა ზოგ შემთხვევაში, აპვ ინფექციები სხვადასხვა ტიპის კიბოს იწვევს, მათ შორის ქალებში - საშვილოსნოს ყელის, ვაგინისა და ვულვას კიბოს, კაცებში პენისის კიბოს, ორივე სქესის შემთხვევაში კი ანუსის, ყელის, ენისა და ნუშისებრი ჯირკვლის კიბოს. 

პაპილომა ვირუსის 200-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათი დიდი ნაწილი არაონკოგენურია (იწვევს მეჭეჭებს), ნაწილი კი ონკოგენურია (კიბოს გამომწვევი). კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, აპვ ვირუსის 13 შტამს სხვადასხვა ტიპის კიბოს გამოწვევა შეუძლია. 

დაბალი რისკის გენოტიპები ნაკლებად ასოცირდებიან სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. არაონკოგენური შტამები, (მე-6 და მე-11 შტამები რომლებიც ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია) როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში მტკივნეული და რთულად განკურნებადი გენიტალური მეჭეჭების 90%-ის გამომწვევი მიზეზია.

პაპილომა ვირუსის გენოტიპებიდან მაღალი რისკის 13 გენოტიპია. ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპით (უმეტესწილად აპვ 16 და აპვ 18) გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% ადამიანის პაპილომავირუსის ამ ორი ტიპითაა გამოწვეული.

როგორ ინფიცირდება ადამიანი პაპილომავირუსით?

პაპილომავირუსი, ძირითად შემთხვევებში პირდაპირ, კანიდან კანზე - დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება.

ადამიანს პაპილომავირუსი იმ ადამიანთან ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს შეიძლება გადაედოს, ვისაც ეს ვირუსი აქვს. შესაბამისად, ვირუსი შეიძლება ნებისმიერი ინტიმური კავშირის დროს გავრცელდეს, როგორც სქესობრივი აქტით ასევე გენიტალიებზე შეხებით.

იშვიათ შემთხვევებში ვირუსი შესაძლოა მშობიარობისას დედიდან ბავშვზე გადავიდეს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილებში იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადება - რეკურენტული (მორეციდივე) რესპირატორული პაპილომატოზი (RRP) -  დაავადება, რომელიც სასუნთქი გზების დახშობის გამო, მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება. 

ადამიანთა უმეტესობამ, ვინც პაპილომავირუსით ინფიცირდება არ იცის, რომ ეს ვირუსი აქვს. ხშირ შემთხვევაში ვირუსს ადამიანის იმუნური სისტემა ბუნებრივად უმკლავდება და 2 წელში გადააქვს. 50 წლის ასაკისთვის, 5-დან ყოველ 4 ადამიანს, პაპილომავირუსი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სულ მცირე ერთხელ მაინც აქვს გადატანილი. აპვ ასევე ძალიან ხშირია კაცებში და ძირითადად უსიმპტომოდ ვითარდება.

პაპილომავირუსი არ არის მემკვიდრეობითი. დაინფიცირების, ან აპვ-ასოცირებული დაავადებების განვითარების რისკზე ადამიანის გენეტიკა და დაავადების ოჯახური ისტორია გავლენას არ ახდენს.

ვინაიდან ადამიანის პაპილომავირუსის ინფექციას ხშირად სიმპტომები არ ახასიათებს, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების უმეტესობამ არ იცის ინფექციის შესახებ, ვიდრე დაავადება არ მიაღწევს ისეთ სტადიას, როდესაც მკურნალობა რთული ხდება.

პაპილომავირუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო

აპვ-ის ინფექციით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მკურნალობა არ ესაჭიროება - ორგანიზმი ინფექციას ბუნებრივად დაძლევს.

თუმცა, ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის მქონე ტიპები ბუნებრივად არ ქრება ორგანიზმიდან და დროთა განმავლობაში იწვევენ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელში, რასაც შესაძლოა, კიბოს განვითარება მოჰყვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დაავადებად - საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა - 5-10 წელი.

ჯანმოს 2020 წლის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 604 000 შემთხვევა დაფიქსირდა, მათი 95% პაპილომავირუსით იყო გამოწვეული. ამავე წელს საშვილოსნოს კიბოს მქონე 342 000 გარდაიცვალა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.

ჯანმოს ცნობით, 2020 წელს დაფიქსირებული შემთხვევებისა და გარდაცვალების 90% დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გამოვლინდა.

საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ევროპის რეგიონში კი მეხუთე ადგილზე - ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 66 000-ზე მეტი და 30 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.

NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო წლების მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება, რაც ქვეყანაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს.

2016 წლის მონაცემებით საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები ძირითადად გვიან ვლინდება - მაშინ, როცა კიბო უკვე შორსწასულია. კიბოს სიმპტომებს შორისაა: არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს; ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში; გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა; ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი. დაავადების შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები.

პაპილომავირუსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.

არსებობს აპვ-ის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სამი სხვადასხვა მეთოდი: 

1)  უშუალოდ ვირუსის გამოვლენა - აპვ-დნმ სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა.

2) PAP-ტესტი - საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ  უჯრედულ ცვლილებებს.

3) საშვილოსნოს ყელის ვიზუალური დათვალიერება - ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას თვალით ხილული დაზიანების დიაგნოსტირებისთვის.

სკრინინგული ტესტირება კიბოსწინარე უჯრედების ადრეული გამოვლენისა და ეფექტურ მკურნალობის საშუალებას იძლევა, რამაც ბევრი ქალი შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გამოწვეული პოტენციური სიკვდილისგან დაიცვას. საქართველოში 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უფასოა.

თუმცა, სკრინინგულ პროგრამებს არ შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევის დიაგნოსტირება და პრევენცია. სწორედ ამიტომ ვაქცინაციის კომბინაცია რეგულარულ სკრინინგთან ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად არის მიჩნეული.

სკრინინგმა და ვაქცინაციამ, შესაძლოა საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას ხელი შეუწყოს.

როგორ დავიცვათ თავი პაპილომავირუსისგან?

პაპილომავირუსის რისკ ჯგუფში ნებისმიერი ის ადამიანია, ვისაც სქესობრივი ცხოვრება აქვს. ნებისმიერ ასაკში ახალი სექსუალური პარტნიორის ყოლა პაპილომავირუსის ინფექციის რისკფაქტორია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს, ეს ადამიანი შესაძლებელია უკვე ინფიცირებული იყოს ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდეს. 

ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ პაპილომავირუსითაა ინფიცირებული, რადგან ინფექცია დიდწილად სიმპტომების და ჯანმრთელობის გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ასევე არ არსებობს ლიცენზირებული აპვ ტესტი პირსა და ყელში ვირუსის გამოსავლენად.

პრეზერვატივებისა და სხვა ბარიერული კონტრაცეპტივების გამოყენებამ შესაძლოა აპვ გადაცემის რისკი შეამციროს. თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ ნაწილობრივ არის ეფექტური, რადგან ბარიერული კონტრაცეპტივებით, მხოლოდ კანის გარკვეული ნაწილის დაფარვაა შესაძლებელი.

საუკეთესო სტრატეგია ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს პერიოდულ სკრინინგთან ერთად ჩატარებული ვაქცინაციაა, თუ შესაძლებელია სქესობრივი აქტივობის დაწყებამდე. აპვ ვაქცინა ვირუსის ყველა, 200-ზე მეტი გენოტიპისგან არ იცავს, თუმცა ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოს 71-90%-ის და გენიტალური მეჭეჭების 90%-ის გამომწვევი სახეობებისგან იცავს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა 11-12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 26 წლის ჩათვლით ადამიანებში, იმ შემთხვევაში თუ მანამდე არ ჩაუტარებიათ აცრა.

ცენტრის ცნობით, აცრა 26 წელს ზემოთ რეკომენდებული არაა, თუმცა რისკების გათვალისწინებით ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში 27-დან 45 წლამდე ასაკის ადამიანებშიც შესაძლებელია აცრა. ამ ასაკობრივ (27-45 წლები) ჯგუფში ვაქცინა ნაკლებად ეფექტიანია, ვინაიდან სექსუალურად აქტიური ზრდასრული ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ასაკისთვის აპ ვირუსით, დიდი ალბათობით, ერთხელ მაინც დაინფიცირდნენ, თუმცა ვაქცინამ, შესაძლოა, ისინი იმ შტამებისგან დაიცვას, რითაც მანამდე არ დაინფიცირებულან.

პაპილომავირუსთან დაკავშირებული ინფექციების პრევენციის პირველმა ვაქცინამ ლიცენზია 2006 წელს მიიღო. დღეს 6 პროფილაქტიკურ აპვ ვაქცინას აქვს ლიცენზია და სასურველია, შესაძლებლობის შემთხვევაში აცრა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე გაკეთდეს.

ყველა ვაქცინა იცავს კიბოს განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონე შტამებისგან (16 და 18). ყველა ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 9 წლის ასაკიდან ზემოთ 16 და ზოგ შემთხვევაში 45 წლამდე. ზოგიერთი აპვ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია კაცებშიც.

დღემდე 125-მა ქვეყანამ გოგონებისთვის აპვ ვაქცინა ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში შეიტანა, 47 ქვეყანაში კი ვაქცინა ბიჭებისთვისაცაა ხელმისაწვდომი.

ვინაიდან აპვ-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ვაქცინაციის პროგრამის მთავარი მიზანი ქალების ამ ფატალური დაავადებისგან დაცვაა. ჯანმოს რეკომენდაციით, აპვ ვაქცინაცია, პირველ რიგში, გოგონებისა და ქალებისთვის უნდა იყოს შეტავაზებული. აპვ ინფექციისგან ქალების დაცვა ასევე, არაპირდაპირი გზით იწვევს მათი პარტნიორების დაცვასაც - შედეგად თემის დაცვა, ან "მოსახლეობის იმუნიტეტი" ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

თუმცა, NCDC-ის ცნობით, თითეული ქვეყანა, ქვეყანაში არსებული დაავადების ტვირთისა და ფინანსების შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ უნდა აიცრას აპვ ვაქცინით. თუ ქვეყანას საკმარისი უნარები და ფინანსები აქვს, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახადოს ბიჭებისა და კაცებისთვისაც. 11 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, შვეიცარიაში ვაქცინა ორივე სქესისთვისაა ხელმისაწვდომი.

2006 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც აპვ ვაქცინის შესახებ რეკომენდაცია გაიცა პაპილომავირუსის იმ შტამებით ინფიცირების შემთხვევები, რაც კიბოსა და გენიტალიების მეჭეჭებს იწვევს თინეიჯერ გოგოებში 88%-ით შემცირდა, ახალგაზრდა ქალებში კი 81%-ით.

აპვ ვაქცინებით მიღებული დაცვა გრძელვადიანია. იმ ადამიანებს ვინც აცრა სულ მცირე 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და პაპილომავირუსისგან დაცვის ეფექტიანობა დროთა განმავლობაში არ შემცირებულა.

ვაქცინა, აპვ ინფექციის იმიტირებით ეხმარება ორგანიზმს განავითაროს იმუნიტეტი პაპილომავირუსის მიმართ. ვაქცინის მხარში ინექციის შემდეგ,  იმუნური სისტემა იწყებს იმუნური პასუხის განვითარებას და წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება და მზად არის განავითაროს საპასუხო რეაქცია რეალური ინფექციის დროს.  

NCDC-ის ინფორმაციით, კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს უვითარდება საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები იმისთვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.  

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 

საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო აცრა ოთხვალენტიანი ვაქცინით (GARDASIL) ტარდება. აპვ-ს საწინააღმდეგო ეს ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს (6, 11, 16 და 18) .

NCDC-ის ცნობით, ვაქცინა მაღალეფექტურია - აცრილთა თითქმის 100%-ს უვითარდება იმუნიტეტი, რის შედეგადაც მცირდება ინფექციის და შესაბამისად, მის მიერ გამოწვეული კიბოს შემთხვევები.

2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია საქართველოში ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, უფასო ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლის ჩათვლით აიწია.

ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

•    10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

•    13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უდიდესი წილი პაპილომავირუსითაა გამოწვეული, ამ ტიპის კიბოს პრევენცია შესაძლებელია. 

NCDC-ის ცნობით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში - პოლიკლინიკებში.

ვაქცინაცია არ ცვლის სკრინინგს - ვაქცინაციის დანერგვის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივად გრძელდება. ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის.

აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ აპვ ვაქცინით აცრილი ადამიანების უმრავლესობას აცრასთან დაკავშირებული სიმპტომები არ გამოუვლინდათ, ვაქცინას შესაძლოა, ახლდეს მსუბუქი, ჩვეული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:

  • აცრილ მკლავზე ტკივილი, სიწითლე ან შესივება
  • სიცხე
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
  • თავის ტკივილი ან დაღლილობის შეგრძნება
  • პირღებინება
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი.

იშვიათ შემთხვევებში აცრის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებლი კვლევებით დადასტურებულია, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ახდენს გავლენას გოგონას მომავალ ორსულობაზე. ის ასევე არ მოქმედებს ვაჟების ფერტილობის უნარზე - არ იწვევს უნაყოფობას.

ვაქცინაცია აპვ ინფექციით გამოწვეული ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემების პრევენციის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია და ქალებს იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, უნაყოფობისა და სიკვდილისაგან.

 

close დახურვა