logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი პანსიონზე: სასამართლოს გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არასწორია

06 ივნ 202114:24
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინება ნაჩქარევი და არასწორია. 

როგორც მეუფემ აღნიშნა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით მიიღო.

საუბარია მეუფე სპირიდონის მიერ გადაღებულ ვიდეომასალზე, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვებთან ერთად მაგიდასთან ზის და მათ შეკითხვებს უსვამს: სურთ თუ არა, რომ ისინი სოციალურმა მუშაკმა პანსიონატიდან წაიყვანონ.

"რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, იმიტომ, რომ არ ვეთანხმებით ამ განაჩენს. მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი ერთადერთ ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით. ეს იყო თვითონ მეუფე სპირიდონის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, სადაც აღელვებული ბავშვი ამბობს, რომ არ უნდა არსად წასვლა.

ჩანაწერში იყო დარღვევები ცხადია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი სახეები არ იყო დაფარული და მეორე - ბავშვი ჩანდა აღელვებული, უბრალოდ მეუფე სპირიდონმა ვერ გადაიღო ისე, რომ გამოჩენილიყო აღელვების მიზეზი რა იყო. ჩანდა აღელვებული და სახე დაუფარავი ბავშვები. რა თქმა უნდა, ეს არის დარღვევა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოსამართლეს მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, ნაჩქარევი და არასწორია", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

დღეს, 6 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ". 

ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომლის საჩივარმაც განაპირობა სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ, საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს".

5 ივნისს კი შაბათის ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, არასრულწლოვანი გოგო ამბობს, რომ პანსიონში სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგო ყვება, რომ 15 წლის ასაკში ის გააუპატიურეს. სავარაუდო მოძალადე პანსიონში, მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, შემთხვევაც სწორედ იქ მოხდა და ტერიტორიაზე ამ დროს არასრულწლოვანი ბავშვების აღმზრდელებიც იყვნენ. მისივე გადმოცემით, სავარაუდო მოძალადე მას სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა, საკუთარ მეგობრებსაც უგზავნიდა. გოგოს თქმით, ის დანითაც დაჭრეს. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პირი, რომელსაც პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარი მოძალადედ ასახელებს, ახლაც თავისუფალია. 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა