მთავრობის მიერ შემოღებულ საყოველთაო კარანტინის პირობებში ღვთისმსახურების წესის შესახებ საპატრიარქოს პოზიცია სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. შეხვედრა ამ თემაზე გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს შორის გაიმართა.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ერთადერთი, რაც ზუსტად იციან, არის ის, რომ ზიარების წესი არ გადაიხედება. რაც შეეხება ღვთისმსახურების ფორმას, ისინი არ გამორიცხავენ, მრევლი წირვებს ეკლესიის ეზოში დაესწროს.
„მივიღეთ განჩინება, რომელიც არ გადაიხედება. სინოდის განჩინების გადახედვა ნიშნავს სინოდის თავიდან მოწვევის საკითხის დაყენებას და ამასთან დაკავშირებით სინოდის სხდომის ჩატარებაზე საუბარი არ არის. ზიარებასთან დაკავშირებით ახალი გარემოება არასოდეს არ იქნება. სახლში დაჯდეს მრევლი და ტელევიზორში უყუროს, ეს ზღაპარია“, - განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ.