logo
ENG



მზად ვართ, საჭიროებისამებრ, წვლილი შევიტანოთ - საელჩოები პოლიტიკურ პროცესს ეხმაურებიან

07 ნოე 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
fqe8u1ga5ye3jn8.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებენ, რომ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა.

დასავლელი პარტნიორების თქმით, ისინი მზად არიან, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, თავიანთი წვლილი შეიტანონ.

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. 

"დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი, რათა მოხდეს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება და საზოგადოებამ შეძლოს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა. მზად ვართ, ამ მიზნების მისაღწევად, საჭიროებისამებრ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა ეკონომიკური არასტაბილურობა, პანდემია და რეგიონული დაძაბულობა; ამასთანავე, გაატარებს დამატებით რეფორმებს ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული, სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად". - წერია განცხადებაში. 

დასავლელი პარტნიორები ასევე მოუწოდებენ ყველა მოქალაქე, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას.

8 ნოემბერს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. როგორც ამბობენ, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. იყო კარუსელები, ბიულეტინების ჩაყრა, გაკონტროლებული ხმები.

არასამთავრობო ორგანოზაციები ლაპარაკობენ ასობით უბანზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა და რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი ასობით საჩივარი არ განიხილა ან არ დააკმაყოფილა. 


close დახურვა