logo
ENG



მთავარი არხი: არ განვიხილავთ ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს

12 მაი 202312:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/12/aq2t4fs78zh2u6j.jpeg

მთავარი არხი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავს. ნაკაიძე 4 მუხლიდან 2-ში გაამართლეს.

ტელევიზიის განცხადება:

"მთავარი არხის ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა.

მთავარი არხი რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე - ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით", - ნათქვამია განცხადებაში.

ტელევიზიის განცხადებით, ნაკაიძეს არ დაუდასტურდა "არც მეგობარი გოგოს გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება".

მათი ცნობით, ჟურნალისტი სასამართლომ ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2022 წლის 18 აგვისტოს შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

ის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

ლაშა ნაკაძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო. მისი დაკავების შემდეგ ტელეარხმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, ხოლო ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს. მათივე ცნობით, პოლიციას ამავე ტელეკომპანიის თანაშრომელმა მიმართა. 


close დახურვა