საქართველოს მთავრობის განცხადებით, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც "არ ასახავს რეალურ სურათს".
კერძოდ, მთავრობა ამტკიცებს, რომ ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები. ამას უარყოფს პრეზიდენტი და აცხადებს, რომ 12 ელჩის დანიშვნაზე გასცა განკარგულება.
"პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი, ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.
აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც სამწუხაროდ აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას", - წერია მთავრობის განცხადებაში.
ამას მალევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტისა, თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.
"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება".