ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა.
ეს მისი პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ის ბერა ივანიშვილთან ერთად არარულწლოვნების მიმართ ანგარიშსწორების საკითხს განიხილავს.
მთავრობის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დეგნანმა და ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია.
ასევე, მთავრობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა და ელჩმა ისაუბრეს ქვეყანაში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.
შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას.
"გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის პრესსასმსახურის ცნობით.
***
ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება მისი გავრცელებიდან 3 დღის შემდეგ დაიწყო, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და გავრცელების მუხლებით.