logo
ENG



მიკერძოებული მართლმსაჯულება, დისკრიმინაცია - GDI-ს ანგარიში მედიის თავისუფლებაზე

27 მაი 202212:48
3 წუთის საკითხავი
 

მიკერძოებული მართლმსაჯულება, დისკრიმინაცია, აგრესიული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, კომუნიკაციის კომისიის პრობლემები - აღნიშნული საკითხებია მიმოხილული საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშში. აღნიშნული ანგარიში მედიის თავისუფლების გარემოს ეხება.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში 2021-2022 წლებში (2022 წლის მაისამდე პერიოდი) მედიაგარემო და ჟურნალისტთა პროფესიული ხელშეუხებლობის დაცვის ხარისხი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მედიის თავისუფლების დაცვიდან მომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება უარყოფით გავლენას ახდენს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე.

ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ამასთან, დოკუმენტში მიმოხილულია მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც.

უზენაესი სასამართლოს ახლად უვადოდ განწესებულმა მოსამართლეებმა 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს დავით კეზერაშვილს, ე.წ. "წვრთნების საქმეზე", რომელზეც ქვედა ინსტანციებს გამამართლებელი განაჩენი ჰქონდათ გამოტანილი. დავით კეზერაშვილს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ საქმის განახლებას წინ უძღოდა 25 ივნისს, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". საყურადღებოა ისიც, რომ 7 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა სამოტივაციო ნაწილი. ეს სახალხო დამცველისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების გამოთხოვა გადაწყვიტა. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოების პოლიტიზებული მოტივი დაადგინეს საერთაშორისო აქტორებმაც ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართულმა მხარემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქართველოში ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. ამ თხოვნით მათ პირველად საფრანგეთს მიმართეს, ხოლო მეორედ - დიდ ბრიტანეთს. ორივე ქვეყნის სასამართლოებმა ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი უთხრეს, მოტივად კი საქმის პოლიტიკური სარჩული დაასახელეს", - აღნიშნულია ანგარიშში.

კომუნიკაციების კომისიის პრობლემები, აგრესიული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, დისკრიმინაცია,

საანგარიშო პერიოდის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მოტივით, ზღუდავს მხატვრული, ისტორიული, შემეცნებითი ღირებულების მქონე პროგრამების განთავსებას და ამ საფუძვლით მაუწყებლებს აკისრებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვითნებურად განმარტავს "პოლიტიკური რეკლამის" ცნებას და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების ცხადი აკრძალვის არარსებობის პირობებში, ძირითადად კრიტიკულ მაუწყებლებს, მძიმე პასუხისმგებლობას აკისრებს;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თვითნებურად მიითვისა უხამსობის რეგულირების მანდატი, რაც წარმოადგენს მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას;
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები, რიგ შემთხვევაში, არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის გონივრულ სტანდარტებს, ხოლო ზოგჯერ, მანამდე მის მიერ დადგენილ პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება;
  • კრიტიკული მედიის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კვლავ გამოირჩევა აგრესიული, სიძულვილის შემცველი შინაარსით. მიგვაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ახალისებს ამავე მედიის წარმომადგენელთა მიმართ უარყოფით განწყობებს საზოგადოებაში, რაც შემდგომ ძალადობრივ ქმედებებშიც აირეკლება;
  • კრიტიკულად გაიზარდა ჟურნალისტებზე, მედიის მენეჯერებსა და წარმომადგენლებზე დისკრიმინაციული/პროფესიული საქმიანობის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები. ხოლო, მართლმსაჯულების ორგანოების რეაგირება, უმეტეს შემთხვევაში, არაეფექტიანი ან არასათანადოა;
  • გამოიკვეთა ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციების დიდი ალბათობით უკანონო ფარული მიყურადების შემთხვევები, რაც ჟურნალისტების პროფესიულ, და პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა, და საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას, მედიის თავისუფლებასა და მისი ეფექტიანი საქმიანობის შესაძლებლობას;
  • ახალი სახიფათო ტენდენციის ფარგლებში, ცილისწამების საფუძვლით სარჩელების შეტანით, ხელისუფლება ღიად ცდილობს სასამართლოს გამოყენებას კრიტიკული მოსაზრებების ჩასახშობად, ხოლო სასამართლო უსაფუძვლოდ აკმაყოფილებს მსგავს სარჩელებს და საფრთხეს უქმნის მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;
  • მმართველი პოლიტიკური ძალა პერიოდულად აჟღერებს და ახორციელებს ინიციატივებს/საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამცირებს მედიის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს;
  • საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სახელმწიფო უწყებების მიერ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიამენეჯერების წინააღმდეგ მართლმსაჯულების მიკერძოებულად, პოლიტიკური მოტივებით განხორციელების შემთხვევები.

close დახურვა