logo
ENG



მილიონერი მოსამართლეები, არასრული დეკლარაციები - "უფლებები საქართველო" კვლევას აქვეყნებს

23 აპრ 202114:26
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსამართლეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ კვლევას აქვეყნებს.

2015-2020 წლებში შევსებული დეკლარაციებით მკვლევარი საუბრობს არასრულად შევსების პრობლემასა და შესაძლო ფინანსურ უზუსტობებზე.

კახა წიქარიშვილი საუბრობს რამდენიმე მოსამართლეზე, რომლებიც საექსპერტო საქმიანობისთვის ჰონორარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან იღებენ. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და საბჭო ორგანიზაციას არ აწვდის კონკრეტულ ცნობებს, რა სახის საექსპერტო საქმიანობას ეწევიან ისინი.

„დადგინდა შემთხვევები, როცა მოსამართლის შემოსავალი და შეძენილი ქონება ახლო პროპორციაშია, ერთ შემთხვევაში აჭარბებს კიდეც და ეს არის 70-75%. დადგინდა შემთხვევები, როცა მოსამართლეს დეკლარირებული არ აქვს თანხები, რითაც შეიძინა ქონება, ხუთი შემთხვევა იყო ასეთი.

ვნახეთ მინიმუმ ხუთი მოსამართლე, რომლებიც ანაზღაურებს იღებენ იუსტიციის საბჭოდან საექსპერტო საქმიანობის გამო. სავარაუდოდ, ეს ხალხი, ე.წ. კლანიდან შორს არ დგას. მიიღეს ანაზღაურება, რომლის შინაარსიც არ ვიცით", - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

კვლევის თანახმად, ჰონორარი იუსტიციის საბჭოდან 2018-19 წლებში აიღეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ალექსანდრე იაშვილი, გიორგი გოგიჩაშვილი, ლევან მიქაბერიძე, ნინო სანდოძე, ნიკოლოზ მარგველაშვილი, შალვა კაკაურიძე და ნინო ელიეშვილი.

უფლებები საქართველოს კვლევაში საუბარია რამდენიმე მოსამართლეზე, რომელთა შემოსავალმაც 1.4 მლნ ლარს გადააჭარბა. ე.წ. მილიონერ მოსამართლეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ელისო ტუკვაძე - 2 623 422 ლარი
  • მიხეილ ჩინჩალაძე - 1 930 433 ლარი
  • თეა ლეონიძე - 1 629 777 ლარი
  • ლევან თევზაძე - 1 599 490 ლარი
  • დიანა ბერეკაშვილი - 1 602 079 ლარი
  • მაია ვაჩაძე - 1 497 610 ლარი
  • ზაზა მარტიაშვილი - 1 496 367 ლარი
  • პაატა ქათამაძე - 1 486 502 ლარი
  • ზურა ძლიერიშვილი - 1 478 778 ლარი
  • პაატა სილაგაძე - 1 460 422 ლარი
  • ნუგზარ სხირტლაძე - 1 432 059 ლარი
  • ტარიელ ტაბატაძე - 1 415 509ლარი.

კვლევის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემოსავლებში გასათვალისწინებელია მოსამართლეთა უფლებამოსილების განხორციელების ვადები და ოჯახის წევრების შემოსავლები.

კახა წიქარიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ეს კვლევა არ საუბრობს მოსამართლეების რაიმე კავშირზე ე.წ. კლანთან. თუმცა, თავად მკვლევარი ამბობს, რომ გამოიკვეთა ჯგუფი, ვინც ახლო ურთიერთობაშია "კლანთან" და ამით გარკვეულ სარგებელსაც იღებს.

„კლანის წევრებზე საუბარი ამ კვლევაში არ არის. არის მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც ურთიერთობაშია კლანთან, იღებენ შეღავათებს, დაწინაურებებს ამ ურთიერთობით. ამ კრიტერიუმით არ გვიმსჯელია კვლევაში. თუმცა კვლევაში ნახავთ გვარებს კონკრეტული მოსამართლეების, ვისაც აქვთ შეუსაბამობები ქონებრივი მდგომარეობის", - ამბობს კახა წიქარიშვილი.

კვლევის ავტორი საუბრობს კიდევ ერთ საკითხზე - მოსამართლეების მიერ დიდი ღირებულების უძრავი ქონების შეძენა. მოსამართლეობის დროს 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინეს:

  • მირანდა ერემაძე - 797 684 ლარი
  • თეა ლეონიძე  - 588 303 ლარი
  • ნინო მამულაშვილი - 541 776 ლარი
  • თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი - 521 521 ლარი
  • დავით ნარიმანიშვილი - 467 050 ლარი
  • ბესიკ ბუგიანიშვილი - 457 799 ლარი
  • ლევან მურუსიძე - 454 303 ლარი
  • თემურ გოგოხია - 420 475 ლარი
  • თამარ ზამბახიძე - 412 132 ლარი
  • მანუჩარ კაპანაძე - 405 364 ლარი.

როგორც მკვლევარი აღნიშნავს, შესწავლილ დეკლარაციებში გვხვდება შევსების ხარვეზები, მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის ასახული ანაზღაურება, უძრავი ქონება და ა.შ.

„მოსამართლეებს არ ჰქონდათ აღრიცხული საჯარო რეესტრში არსებული ქონება. ან დეკლარირებული არ აქვს თანხები, რითაც შეიძინა ქონება. იყო ხარვეზები, მაგალითად, ზოგმა ხელფასები არ შეიტანა.

ეს კვლევა არ ასახავს მოსამართლეთა ფაქტობრივ მდგომარეობას. ჩვენ ინფორმაცია მოვიპოვეთ საჯარო ბაზებიდან, ამიტომ შეზღუდულია ეს ინფორმაცია", - ამბობს კახა წიქარიშვილი.

 


close დახურვა