მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 800 ათასს აჭარბებს, დაღუპულთა რიცხკი კი 115 ათასს უახლოვდება.
ქვეყნების ნაწილი პანდემიის პიკს გადის, ნაწილი კი მკაცრი ზომების შემსუბუქებას იწყებს. ესპანეთში დღეიდან ის ბიზნესები გაიხსნა, რომელთა თანამშრომლებსაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ.
სამართალდამცველები მადრიდის რკინიგზისა და მეტროსადგურებში მოქალაქეებს პირბადეებს ურიგებენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ჯერ კიდევ ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა დასტურდება, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსნა და მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყო. სამსახურებში ბრუნდებიან სამშენებლო და სამრეწველო სექტორის თანამშრომლები, თუმცა 26 აპრილამდე დახურული რჩება მაღაზიების ნაწილი, რესტორნები და გასართობი ადგილები.
სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, საფრანგეთი საყოველთაო კარანტინის სამ მაისამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ქვეყნის ლიდერი მოსახლეობას დღეს საღამოს მიმართავს.
3 კვირის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაშიც. ვირუსს ბოლო 24 საათში 431 პაციენტი ემსხვერპლა. კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის იტალიელმა სამართალდამცველებმა აღდგომის დღესასწაულზე თითქმის 23 ათასი ადამიანი დააჯარიმეს.
იზოლაციის მეოთხე კვირა დაიწყო დიდ ბრიტანეთში, სადაც ვირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. სოციალური დისტანციის პოლიტიკის შესაძლო გადახედვის საკითხს მთავრობა რამდენიმე დღეში განიხილავს. მუშაობას ჯერჯერობით არ უბრუნდება ბორის ჯონსონი. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პრემიერი მკურნალობას ლონდონის მახლობლად მდებარე ჩეკერსის რეზიდენციაში აგრძელებს.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 22 ათასამდე გაიზარდა შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა CNN-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ადმინისტრაციამ სპეციალისტების რეკომენდაციები მათი გაცემისთანავე არ გაითვალისწინა. ენტონი ფაუჩის თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ შეერთებულ შტატებში მკაცრ ზომებს უფრო ადრე მიიღებდნენ, ლოგიკურად უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შეიძლებოდა.
რაც შეეხება რუსეთს, იქ დღეიდან გადაადგილებაზე კონტოლი ამოქმედდა. მოსკოვის შესასვლელში მოწყობილ საგუშაგოებზე სამართალდამცველები ყველა ავტომობილს ამოწმებენ და დედაქალაქში მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში ერთ დღეში 2 ათას 500-ით, დაღუპულთა რიცხვი კი 18 გაიზარდა. ვირუსს საერთო ჯამში ქვეყანაში 148 ადამიანი ემსხვერპლა.