პირველიდან შვიდ მარტამდე რუსეთში, სოჭთან ახლოს მდებარე დასახლება სირიუსში "მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი" იმართება. ღონისძიებაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით იმართება, საქართველოდან წასული დელეგაციაც იმყოფება.
Ekho Kavkaza აქვეყნებს საქართველოს დელეგაციაში მყოფ ადამიანთა სახელებს, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებიან. საქართველოს დელეგაციას პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.
გამოცემა ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დელეგაციაში ასევე შედიან: ანა ხოტივრიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; იულია კლიუჩნიკოვა - რუსულენოვანი გიდი თბილისში; ინესსა როდინა - საქართველოს სამგზის ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში მარნეულიდან და ლორთქიფანიძის თქმით - "საქართველოს რუსი ახალგაზრდების ლიდერი"; კარინე არაკელიანი - პედაგოგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ფარავნიდან; ტატიანა ბალაბანოვა - სოფელ გორელოვკის მცხოვრები; რუსეთში ქართული თემის წარმომადგენლები.
ფესტივალზე ასევე იმყოფება ლალი მოროშკინა, რომელიც პერიოდულად რუსულ ტელეარხებს ესაუბრება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს. მან Facebook-ზე გამოაქვეყნა სოჭში, ფესტივალზე გადაღებული ფოტოები. მან ერთ-ერთ გაზეთთან საუბრისას თქვა, რომ "რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ე.წ. სანქციები სოჭში არსად არ იგრძნობა". ასევე, მან თქვა, რომ საქართველომ "დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან".
ფესტივალს ასევე ესწრებიან დელეგაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ საკუთხი დროშებიც ჰქონდათ გამოფენილი.
Ekho Kavkaza-ს თქმით, ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ მათ უთხრა, რომ ფესტივალზე საქართველოს 35 ადამიანი წარმოადგენს.
"პირადად მე ჩამოვედი რომ წავიკითხო ლექსები, ვიმღერო, მოვყვე საქართველოს შესახებ და მოვიზიდო უცხოელები ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი შესანიშნავი ქვეყნის შესახებ და ჩამოვიდეს იქ. დამიჯერეთ, ზოგმა მონაწილემ საერთოდაც არ იცოდა, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა", - უთხრა Ekho Kavkaza-ს ერთ-ერთმა დელეგატმა საქართველოდან.
მან ასევე თქვა, რომ დელეგაციის წევრებმა გაიცნეს ფორუმის სხვა მონაწილეებით, თუმცა "ყველაზე მეტად ინგუშეთის წარმომადგენლებთან დამეგობრდნენ". "მთავარია - მშვიდობა და მეგობრობა. ჩვენ ყველანი აპოლიტიკურები ვართ და ვემხრობით მშვიდობას მსოფლიოში".
თავდაპირველად ინფორმაცია, რომ რუსეთში "მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე" მონაწილეობას საქართველოდან დელეგაციაც მიიღებდა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე გავრცელდა. მათ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებერივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უთხრა, რომ ფესტივალზე საქართველოდან 40 მონაწილე იქნებოდა წარდგენილი.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ ფესტივალს მსოფლიოში "ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიება უწოდა და "აქტუალური პრობლემების განხილვისა და მშვიდობის მიღწევის პლატფორმად" მოიხსენია.