გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ცხოველთა წამების შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და სიმართლეს არ შეესაბამება. ავალიანი მიიჩნევს, რომ შესაბამისი ორგანოები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ მიზეზებით, რის გამოც ინფორმაცია ცხოველების დაწვის შესახებ მტკიცებით ფორმაში გავრცელდა.
"ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში. ასევე გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია" - ამბობს ლაშა ავალიანი.
მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ გავრცელებულ ვიდეოებში ასახულია არა ცხოველების დაწვა, არამედ ინსენერატორიდან გამომავალი ბოლი, რომლის დანიშნულებაც ოპერაციის შემდგომი ცხოველური ნარჩენების უსაფრთხო განადგურებაა.
