ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, ყველა მღვდელმთავარი ქადაგებს ღვთის სიტყვას და ქადაგებენ იმიტომ, რომ მრევლი, მოსახლეობა გააფრთხილოს და მოუწოდოს ტაძარში სიარულისაკენ.
მეუფე გერასიმემ კომენტარი გააკეთა სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტის მეუფე საბას განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვაქცინა და აცრები არის ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა გაიკეთებს, ვისაც უნდა - არა.
„კორონავირუსის აცრებთან დაკავშირებით მოვუსმენთ რეკომენდაციებს და შემდგომში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. მღვდელმთავარი ქადაგებს და მე არანაირი უფლება არ მაქვს, შევაფასო სხვა მღვდელმთავრის ქადაგება. ჩვენ გავითვალისწინებთ მედიკოსების რეკომენდაციას, შედგება კომისია, რომელიც იმსჯელებს ამ თემებზე, დადებითია, უარყოფითია, მისაღებია, არ არის მისაღები და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თქვენ, ყველასთან ერთად დაინახეთ, თუ როგორ მშვიდობიანად გაიარა ეკლესიამ ეს პერიოდი. თურმე, შესაძლებელი ყოფილა, თუ ჩვენ ღმერთს მივენდობით," - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე საბამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა - მისი თქმით, აცრებს ადამიანების დასამონებლად იყენებენ. დეკანოზი საბა ჭიკაიძე კოვიდ 19 ის ჯერ არ შექმნილი ვაქცინის საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი საშუალებით, მოსახლეობის მოკვდინება სურთ. დედამიწის მოსახლეობის შემცირებით, მისი აზრით, ბიზნესმენი ბილ გეითსია დაინტერესებული.