logo
ENG



მიტროპოლიტი გრიგოლი ფაილებზე: ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე

19 სექ 202113:39
3 წუთის საკითხავი
 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გავრცელებული საიდუმლო ფაილები არის დანაშაული "სახელმწიფოებრიობის წინაშე".

მიტროპოლიტის თქმით, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თავად ფაქტს, რომ სახელმწიფოში ყველას უსმენენ. ის ამბობს, რომ მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

„კი მეღიმება, მაგრამ ეს არ არის იუმორის თემა. ნაკლებ ყურადღებას უსმენენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ტოტალურად ყველას უსმენენ. როცა ვახსენე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად ან არ ხდებოდა. 

მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება", - ამბობს მიტროპოლიტი გრიგოლი.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა იმსჯელოს თუ არა ამ საკითხზე სინოდმა, მიტროპოლიტი შემდეგნაირად პასუხობს:

„ეს მასალა, ეს ზღვა ინფორმაცია საზოგადოებაში გადმოიღვარა, ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს მსჯელობის საგანი ყველგან"

 

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

ფაილების გავრცელებას გამოეხმაურა საპატრიარქოც - მათი განცხადებით, ფაილებში დიდი ნაწილი, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული, ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა