შემოქმედელმა მიტროპოლიტი იოსები ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს დაპირისპირება უწოდა და თქვა, რომ ეს შემაშფოთებელია.
გავრცელებულ განცხადებაში მიტროპოლიტი წერს, რომ როგორც მათთვის გახდა ცნობილი, "აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მან მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად".
"რადგანაც უკვე კომენდანტის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით". - წერია მიტროპოლიტი იოსების განცხადებაში.
გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ ბუკნარში ერთ-ერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის.
12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.
დღეს, 14 იანვარს მუსლიმი თემი კვლავ შეიკრიბა ჩოხატაურის მერიასთან. ისინი ითხოვენ პირობას, რომ მუსლიმ მრევლს ლოცვაში ხელი არ შეეშლება. "ისევ ჩვენ წავალთ კომპრომისზე, არ შევაწუხებთ ქრისტიან ძმებს". - ამბობენ ისინი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება.
EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი, ბუკნარში განვითარებული მოვლენები "შეიძლება იყოს იმის გაგრძელება, რომ 2012-2016 წლებში მომხდარ რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებს, სამწუხაროდ, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია".