logo
ENG



მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიას არ ცნობენ, რაღაც კანონიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღო

10 მაი 202116:27
3 წუთის საკითხავი
 
მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიას არ ცნობენ, რაღაც კანონიკური გადაწყვეტილება უნდა მივიღო
მთის ამბები

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი აცხადებს, რომ ის ეპარქიაში საეკლესიო კანონის მიხედვით იმოქმედებს.

მეუფე სტეფანე განმარტავს, რომ ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები ერთგვარი "ამბოხია" ეკლესიის წინააღმდეგ, რასაც კანონიკურად უნდა გაეცეს პასუხი.

„სვამდნენ საკითხებს ისე, რომ მე არ მოვიხსენიებ პატრიარქს, ეს ნიშნავს კანონიკურად ამბოხს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს - უნდა გავცეთ პასუხი ამას. 

მე მომხრეები არ მყავს, მე აქ ვარ ეპისკოპოსი, მღვდელმთავარი, მე მყავს მრევლი. მე ასეთი მოვალეობა მაქვს, როდესაც ეკლესიას არ ცნობენ, როცა სინოდის გადაწყვეტილებას არ ცნობენ, როდესაც პატრიარქის მიმართ არის საშინელი ბრალდებები, როცა პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ, მე იძულებული ვარ, საკმაოდ თავშეკავებულად, გარკვეული დიდი შუალედებით რაღაც ვთქვა, რომ ასე არ შეიძლება, შემდეგ რაღაც კანონიკური გადაწყვეტილება მივიღო", - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში?

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს. 

მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.  

პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა. 

მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ. 

მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც. 

პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.


close დახურვა