logo
ENG



მიქანაძე გახარიას პარტიას: ციხის ბუნტის დაწყების დღეს ვიყავი მივლინებაში

13 სექ 202418:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/13/63ahl9vokgn14nh.jpg

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში იმყოფებოდა. მიქანაძემ განმარტებითი პოსტი მას შემდეგ გაავრცელა, რაც ყოფილი პრემიერის პარტიამ "საქართველოსთვის" ე.წ. ბუნტის საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

გივი მიქანაძე 2005-2008 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება პენიტენციურ დაწესებულებებს უკავშირდებოდა.

ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ გახარიას პარტია დეზინფორმაციას "მიზანმიმართულად" ავრცელებს.

"როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას - ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება.

ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ", - წერს მიქანაძე ფეისბუქზე.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის 27 მარტს ღამის საათებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმდროინდელი უფროსი, ბაჩო ახალაია კოლეგებთან ერთად პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, საიდანაც რამდენიმე პატიმარი თბილისის #7 დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ. ამ პატიმართა გადაყვანას და გადაყვანის პროცესში მათ არასათანადო მოპყრობას სამკურნალო დაწესებულების პატიმრების პროტესტი მოჰყვა, რაც შემდეგ #5 ციხეს გადაედო და ამბოხში გადაიზარდა. #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო.

2020 წლის 2 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა.


close დახურვა