logo
ENG



მიხეილ ბენიძე: სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები სათანადოდ ვერ გატარდა

10 ნოე 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
p8x8rk9hve74kz1.jpg

სახელმწიფოს მხრიდან პრევენციული ღონისძიებები სათანადოდ ვერ გატარდა, - ამის შესახებ განცხადება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შს სამინისტრომ სათანადოდ ვერ მოახერხა პრევენციული ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ ასეთ აგრესიულ ქმედებებში, რაც ვნახეთ პარასკევს საღამოს, არ გადაზრდილიყო ეს აქცია.

აქციის მოწყობის უფლება ყველას აქვს და დღეს როდესაც ისინი საუბრობენ, რომ რაღაც პლაკატებით ვიდგებითო, ეს პრობლემა არ არის. დღესაც კი ისინი ამბობენ, რომ პოლიცია რომ გაიწევა, ჩვენ შევალთ და ჩავშლით ჩვენებასო. როდესაც საუბარი არის ადამიანებისთვის რაღაცის აკრძალვაზე და მითითებების მიცემაზე  თუ რა ნახონ, რა არ ნახონ, სად წავიდნენ, სად არ წავიდნენ და რა გააკეთონ, ბუნებრივია, ეს არის ძალადობრივი ქმედება.

აქცია უკიდურესად ძალადობრივ ელემენტებში გადაიზარდა, ვგულისხმობ ანა სუბელიანზე თავდასხმას და მის ფიზიკურ დასახიჩრებას. მუქარის განცხადებები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინასწარვე კეთდებოდა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ადეკვატური რეაგირება. იყო მხოლოდ მესიჯები და გზავნილები იმისა, რომ ჩვენ ყველას გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, მაგრამ როდესაც გზავნილები წინასწარ იყო აგრესიული მათი მხრიდან პრევენციული ღონისძიებები სათანადოდ ვერ გატარდა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან მოითხოვენ, რომ  კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს.

მათი აზრით, ლიდერების მიერ წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებებზე, გამოძიება დროულად რომ დაწყებულიყო, მას პრევენციული ეფექტი ექნებოდა.


close დახურვა