logo
ENG



მკაცრი კონტროლი მარნეულისა და ბოლნისის გზებზე - რა ხდება საკარანტინო ზონაში

23 მარ 202020:48
3 წუთის საკითხავი
 

კარანტინში მოქცეული მარნეული და ბოლნისი - ორივე მუნიციპალიტეტის შესასვლელთან  სამხედრო ტექნიკა, პოლიცია და ჯარი  დგას. უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც ზონაში ცხოვრობს – უმოწმებენ საბუთებს, უზომავენ სიცხეს, დეზინფექციას უტარებენ ტრანსპორტს. მოწყობილია საველე ჰოსპიტალიც.

მკაცრად კონტროლდება მარნეულ-ბოლნისის ყველა შემოვლითი გზაც. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ დახურულია ის ჰოსპიტალი, რომელშიც  კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი მკურნალობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სარიტუალო სუფრა იყო ასახული. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო სხვა დროსაა და სხვა მუნიციპალიტეტში გადაღებული - შესაბამისად, კარანტინის დარღვევის ფაქტი არ ფიქსირდება. 

მაღალი რისკის შემცველია მედპერსონალიც. საკარანტინო რეჟიმის დაწესებამდე კლინიკის ექიმები დღეების განმავლობაში მარნეულიდან თბილისში სახლებში ბრუნდებოდნენ.

ორივე მუნიციპალიტეტი მედიისთვისაც ჩაკეტილია, ჩვენი ადგილობრივი კოლეგები არსებული ვითარების სიმძიმეს გვიხსნიან, აფთიქებში ფაქტობრივად არ არის პირბადეები და სპირტი, ეთნიკური უმცირესობისთვის ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია პანდემიაზე, მუნიციპალიტეტის სოფლებში კი პირველადი რეკომენდაციის შესასრულებლად წყალიც არ აქვთ.

ადგილობრივების ნაწილს კარანტინის მიუხედავად, სწორედ ისეთ რიტუალებზე უარის თქმაც არ სურს, რომელიც მარნეულის დაინფიცირების ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გუშინ გვიან ღამით გამოცხადდა - მიზეზი მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკია.


close დახურვა