logo

მოგვმართავენ და ვალდებული ვართ, გამოვიყენოთ ნდობის რესურსი - ანდრია ჯაღმაიძე დმანისში

17 მაი 202120:56
3 წუთის საკითხავი
clock 213
მოგვმართავენ და ვალდებული ვართ, გამოვიყენოთ ნდობის რესურსი - ანდრია ჯაღმაიძე დმანისში

დმანისში საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ჩავიდა. მისი განცხადებით, საპატრიარქოს ადგილობრივმა მრევლმა მიმართა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, საპატრიარქოს აქვს ვალდებულება, გამოიყენოს მისდამი არსებული ნდობის რესურსი.

„ჩვენდამი ხდება მომართვიანობა და ალბათ ვალდებულებაც გვაქვს, გამოვიყენოთ ნდობის რესურსი, რაც არსებობს ჩვენდამი. ჩანს ყველაფერი, ვუყურებთ ტელევიზორს, აქ ჩვენი მრევლია, გვირეკავენ. 

გამოჩნდა, რომ  მოსახლეობას დაძაბული ვითარების მიუხედავად აღმოჩნდა მზაობა, იცხოვრონ მშვიდობიანად და ყველას აქვს განცდა, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი ინციდენტი უნდა დასრულდეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

ადგილზე აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვიც იმყოფებოდა. მისი თქმით, მხარეებმა "ერთმანეთს მიუტევეს"

 

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ადგილობრივებმა პოლიციის კორდონიც გაარღვიეს. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.

close დახურვა