დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა. ქალაქის შესასვლელთან მყოფ მოქალაქეთა ჯგუფს დმანისის ცენტრში შესვლა სურდა, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ სამართალდამცველები, რომელთაც შესასვლელი რამდენიმე საათით ადრე გადაკეტეს.
ამის შემდეგ ადგილზე ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა პოლიციის ე.წ. კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრის მიმართულებით გაემართნენ.
მოგვიანებით, პოლიციამ ცენტრისკენ მისასვლელი გზა ავტობუსით გადაკეთა და მორიგი დაპირისპირება ამ დროსაც მოხდა. მოქალაქეებმა ერთ-ერთი ადგილობრივის ავტომობილიც დააზიანეს.
ჟურნალისტებთან დაპირისპირებაზე იუწყებიან საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია მთავარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. მთავარის ცნობით, ჯოხი დაარტყეს არხის ჟურნალისტს.
ვითარების ხელახლა დაძაბვამდე დმანისში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტი განმუხტული იყო. სოზარ სუბარის თქმით, ქალაქში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ამ ეტაპზე მდგომარეობა დამშვიდებულია. სიტუაციის განმუხტვის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ "უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა".
დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო.
დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.
საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით.
შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა.
მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.