logo
ENG



მოვუწოდებთ ოპოზიციას დარჩნენ შეთანხმების ერთგულნი - სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი 

04 დეკ 202023:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/zcz69sgep4wlab9.png

სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციურ პარტიებს მანიფესტით მიმართავს და მოუწოდებს, რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ შეთანხმების ერთგულნი და არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.

"3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ცნობილია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ოპოზიციური პარტიის და მათი წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს უპრეცედენტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიუხედავად განსხვავებულობისა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმების შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის კონსოლიდაცია.

პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის მოახლოვება კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და გაცხადებული პოზიციის განუხრელ დაცვას. მიმართვის ხელმომწერები მოვუწოდებთ ოპოზიციას პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილოება საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას",-ნათქვამია მანიფესტში.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

 


close დახურვა