14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიება მას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს - შუამდგომლობით უწყებამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულმა მოზარდთან სექსუალური კავშირი მოტყუებით დაამყარა, თუმცა შემდეგ მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - წერია განცხადებაში.
ქობულეთში მცხოვრებმა 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ის გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა.
სახელმწიფო ინსტიტუტების გულრგრილობასა და სისტემის ჩავარდნაზე საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ორი დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ხელისუფლებას არაეფექტურ მოქმედებაში ადანაშაულებენ.