logo
ENG



შსს: დავაკავეთ არასრულწლოვანი, რომელიც თანასკოლელს მუქარით ფულს სძალავდა

15 ივნ 202611:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/95zqrtjhruyfb86.jpg

„ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებული თანასკოლელს 2025 წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, სისტემატურად სძალავდა ფულსა და ძვირფასეულობას. გამოძიების თანახმად, დაზარალებულმა მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს ჯამში, 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. სამართალდამცველებმა საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ვკითხულობთ „ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა