logo
ENG



მოკლული გოგოს სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მოქმედი დირექტორის ახლობლები დაემუქრნენ

13 ოქტ 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/gqbwa91tcpsd3cx.jpg

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგოს სკოლის ყოფილი დირექტორი, მუბარის ისმაილოვი ამბობს, რომ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მას სკოლის მოქმედი დირექტორის, ჯამლეტ ისმაილოვის ახლობლები სახლში მიუვარდნენ და დაემუქრნენ.

მუბარის ისმაილოვმა ფორმულას განუცხადა, რომ ჯამლეტ ისმაილოვმა მასწავლებლად მუშაობის დროს თავისი მოსწავლე, არასრულწლოვანი გოგო დანიშნა და ქორწილი გადაიხადა. ჯამლეტ ისმაილოვი მუბარის ისმალოვის მოადგილე იყო, რის შემდეგაც დირექტორის პოსტიც დაიკავა. 

ფორმულას ინფორმაციით, ჯამლეტ ისმაილოვი გუშინ, 12 ოქტომბერს რესურს ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯამლეტ ისმაილოვის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. სკოლის დირექტორი დადანაშაულებულია იმაშიც, რომ ხელს უწყობდა ბავშვების იძულებით ქორწინებას და არასრულწლოვანები ფიქციურად განაგრძობდნენ სწავლას სკოლაში.

სწორედ აღნიშნულ ბრალდებებზე ისაუბრა მუბარის ისმაილოვმა ფორმულასთან, რის შემდეგაც ის ამბობს, რომ სახლში მიუვარდნენ. 

"თქვენს ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ოჯახში მომივარდა დირექტორის მთელი ოჯახი, მემუქრებოდნენ და იგინებოდნენ. ჩემს შვილს რუსთავში მისმა ძმამ დაურეკა და დაემუქრა, რომ სკოლაში გამოჩენის შემთხვევაში მოკლავდნენ. აგვიკრძალეს სამსახურში მოსვლა, მე სოფელში გამოჩენაც. პოლიციას მივმართე. დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებლები მართლები რომ იყვნენ, განა ასე ჩაკეტავდნენ კარს? განა არ გამოვიდოდნენ და არ იტყოდნენ რამეს? დღეს სამსახურში მაინც მოვედი და ყველა მტერივით მიყურებდა. 14 წლის გოგო მოკვდა, ვინმეს ხმა რომ ამოეღო, ასე ხომ არ იქნებოდა?" - ამბობს ფორმულასთან მუბარის ისმაილოვი.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად. 

საქმის პროკურორი ამბობს, რომ დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა. 

პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.


close დახურვა