სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა. ტაძრის ტერიტორიაზე გაკეთებულია სპეციალური მონიშვნები და მრევლიც ერთმანეთისგან დისტანცირებულია. საკვირაო წირვას თანამოსაყდრე შიო აღავლენს, კათოლიკოს- პატრიარქი კი ამ დროისათვის ბოდბის მონასტერშია.
„ვზივარ სახლში, მაგრამ ლიტურგიას რომ არ დავესწრო, არ შემიძლია. ეს არის ჩემი ცხოვრება. ნორმები არის დაცული. მორწმუნე ადამიანი კი ეკლესიის გარეშე ვერ იცხოვრებს", - ამბობენ ტაძარში მისულები.
ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში - მარნეულსა და ბოლნისში - კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.