მოქალაქეების საპენსიო დანაზოგის ინვესტირების შემდეგ, საპენსიო სააგენტო კვლავ საინვესტიციო ოფიცრის გარეშე დარჩა. დავით წიკლაურს, რომელიც დროებით, ერთი თვით იყო არჩეული, ვადა 3 მარტს გაუვიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღის წინ საპენსიო სააგენტომ დაგროვებული 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებზე განათავსა, რის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მედიის დაინტერესების შემდეგ გახდა ცნობილი. რომელ კომერციულ ბანკებში განთავსდა თანხა, არ კონკრეტდება. საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჰყოლია. მხოლოდ ერთი თვით ამ მოვალეობას დავით წიკლაური ასრულებდა.
განხორციელებული ტრანზაქცია ეჭვებს უჩენს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“, რომელიც სააგენტოს საკონსტიტუციო სასამართლოში ედავება. ორგანიზაციის სარჩელი პენსიის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ბოლო დროს განვითარებული პროცესები კი მათთვის იმის მანიშნებელია, რომ სააგენტოს საქმიანობა გაუმჭვირვალეა.
სააგენტოს საქმიანობის ბუნდოვანებაზე ამახვილებენ ყურადღებას ეკონომისტებიც. მათთვის რეალურია რისკები, რომ მოგროვებული თანხა ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ საპენსიო ტრანზაქცია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბანკებში განხორციელებულიყო.
ერთი თვით არჩეული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სააგენტოს გაუმჭვირვალე საქმიანობა კითხვებს უჩენს ოპოზიციასაც. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული 560 მილიონი ლარის მიმოქცევაში გაშვებას ცუდი ეკონომიკური ეფექტი ექნება, რაც შესაძლოა, ფასების ზრდითაც გამოიხატოს.
განმარტებები საინვესტიციო ოფიცრის ვადის გასვლის შესახებ საპენსიო სააგენტოში დღეს აღარ გაკეთებულა. სააგენტოს არც მოქმედი დირექტორი ჰყავს, რადგან წინა ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.