logo
ENG



მოქალაქეობის მიღების ტესტებიდან ოკუპაციაზე, სააკაშვილზე, შევარდნაძეზე კითხვები ამოღებულია

08 მაი 202411:55
3 წუთის საკითხავი
 

ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ამოღებულია კითხვები - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ყოფილი პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის, ასევე 2003 წლის ვარდების რევოლუციის შესახებ.

თავდაპირველად ინფორმაცია რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა პროექტმა Ekho Kavkaza-მ გაავრცელა. ფორმულამ გადაამოწმა ახალი და ძველი ტესტები, რომლებიც სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ახალ ტექსტში აღარ იძებნება კითხვა - "დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული? - რუსეთის, ისრაელის, ჩინეთისა თუ იაპონიის?". ასევე, ტესტში აღარ იძებნება კითხვა - "რომელ წელს მოხდა საქართველო-რუსეთის ომი?"

ასევე, ახალ ტესტში აღარ არის კითხვა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე - ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მანამდე, ტესტში იყო კითხვა: "რომელი სახელმწიფოა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია".

ახალ ტესტში გაჩნდა კითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2014 წელს გაფორმდა.

გარდა ამისა, ახალ ტესტში აღარ იძებნება შეკითხვა ედუარდ შევარდნაძეზე და ასევე ამოღებულია 3 კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მმართველობის შესახებ. ეს კითხვებია: "რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?, "ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?", "ვინ მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში?".

გარდა ამისა, ტესტიდან ამოღებულია კითხვა, "ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას - ნიკარაგუა, ნაურუ, ლიეტუვა თუ ვენესუელა".

ახალი ტესტის მიხედვით, მოქალაქეობის მსურველებს აღარ შეეკითხებიან: "სახელმწიფო მეთაურთაგან რომელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება - იოსებ სტალინს, ლეხ კაჩინსკის, ვლადიმერ პუტინს თუ უგო ჩავესს?". ახალ ტესტში ახლა ჩასმულია შემდეგი კითხვა: "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველო წინააღმდეგ დაწყებული ომისას სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. რომელ წელს გაიმართა ეს ბრძოლა?".

საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


close დახურვა