logo
ENG



ლავროვმა ეუთოს სამიტზე 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა და მას აშშ-ის პროვოკაცია უწოდა

30 ნოე 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock 895
2023/11/30/9rckpnsq3k49ybb.jpg

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიერ წარმოწყებული ომების პროვოცირებაში უკრაინა, საქართველო და ვაშინგტონი დაადანაშაულა.

ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ახსენა. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა NATO და ევროკავშირი "ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილების დანგრევაში" დაადანაშაულა.

სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაშინ, NATO-მ თბილისი და კიევი რუსეთის წინააღმდეგ დაგეშა. ამასთან, სერგეი ლავროვმა 2008 წლის ომს აშშ-ის მიერ პროვოცირებული უწოდა. 

"NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი ხელით დაანგრიეს ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილება. 1999 წელს NATO-მ განახორციელა აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ, 2008 წელს კი გაეროს რეზოლუციის დარღვევით სერბეთს წაართვეს კოსოვო, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. იგივე ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიტყუეს თბილისი და კიევი წევრობაზე, ამას ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა - დაეგეშათ რუსეთის წინააღმდეგ.

სააკაშვილმა კი ბუქარესტში მიცემული კარტბლანში მაშინვე აამუშავა. იმავე წლის აგვისტოში გასცა ბრძანება, დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და სამშვიდობოების პოზიციები, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ამ პროვოკაციებს ამზადებდა შეერთებული შტატები, როდესაც წამოიწყო იქ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმაც გულმოდგინედ შეასრულა.

უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმის შესაქმნელად შეერთებულ შტატებს მეტი რამ დასჭირდა. 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 8-წლიანი სისხლისღვრა დონბასში. დასავლელი პოლიტიკოსების ნამდვილი ზრახვები გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში უარყვეს რუსეთის მიერ წარდგენილი წინადადებები ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენთან ლაპარაკიც კი არ მოისურვეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც "ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო", რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.

სამიტში არ მონაწილეობას არც უკრაინა.


close დახურვა