logo
ENG



მოხსნილი სამარშრუტო ტაქსები - თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა

18 მარ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი დღეს სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა, მთავრობამ სამარშრუტო ტაქსები ისე აკრძალა, რომ მგზავრთნაკადი და ტრანსპორტის დამატება არ გაუთვალისწინებია. მგზავრებმა გადაადგილების მიზნით მეტროებსა და ავტობუსებში გადაინაცვლეს, რასაც მუნიციპალური ტრანსპორტის გადატვირთვა  მოჰყვა. მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროში არა თუ აუცილებელი დისტანციის დაცვის, უბრალოდ ასვლის საშუალებაც არ არის. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის ნაცვლად, ხელისუფლების გაუაზრებელმა რეგულაციამ საჯარო ტრანსპორტი კიდევ უფრო მაღალი რისკის ზონად აქცია. 

ტრანსპორტში ხალხმრავლობა განსაკუთრებული პრობლემაა მათთვის, ვინც კერძო სექტორშია დასაქმებული და დისტანციურ მუშაობაზე ჯერ არ გადასულა. ასეთი მგზავრები დღეს სამსახურამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მერია სატრანსპორტო კრიზისის გადაწყვეტას ტრანსპორტის დამატებით არ აპირებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქალაქეების სახლში დარჩენის იმედადაა. 

მგზავრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი უფრო დიდია. ისინი გამოსავალს დიდი ავტობუსების დამატებაში ხედავენ.  მგზავრთა ნაკადის ზრდაზე მიანიშნებენ ავტობუსის მძღოლებიც.  

არ აკრძალეს, თუმცა შეზღუდვით გადაადგილდებიან მიკროავტობუსები რუსთავი-თბილისის მიმართულებით. მათი მარშუტი 11-დან 6-მდე შემცირდა. მგზავრებისთვის შეზღუდვა მიუღებელია. მათი თქმით, ტრანსპორტის აკრძალვა, მაშინ როცა ხალხი იძულებულია იმუშაოს, არაგონივრულია.

განსხვავებულია მთავრობის წევრებისა და თბილისის მერის მესიჯბოქსი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისინი მგზავრთა სტატისტიკას აწარმოებენ და გადატვირთულ ხაზებზე ავტობუსების დამატებას გეგმავენ, მერი კი მოსახლეობას, რომელთა ნაწილს ისევ სამსახურში სიარული უწევს, მოთმინებასა და სახლში დარჩენას ურჩევს.

 


close დახურვა