მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია მეორის დაკრძალვისთვის კვირას, 22 მარტს, თბილისში ჩამოვა, მაგრამ ლიტურგიას არ აღავლენს. ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი გაუძღვება. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორმულას“ საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს.
„ყველა ვერსიას, რაც ჭორებით ვრცელდება, ვერ ვუპასუხებთ. ლიტურგიის მსახურებაზე მსოფლიო პატრიარქის ყოფნა არ დაგეგმილა თავიდანვე, არც ერთი მხრიდან. გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს“ - მისწერა „ფორმულას“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თბილისში მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსის, ჩამოსვლის შესახებ, გაჩნდა მოლოდინი, რომ ის წმინდა ევქარისტიაშიც მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა საპატრიარქომ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მხოლოდ წესს აუგებს განსვენებულ კათალიკოსს, საკვირაო ლიტურგიაში კი მონაწილეობას არ მიიღებს.
გაჩნდა ვარაუდი, რომ მსოფლიო პატრიარქის წირვაზე არმიპატიჟება სწორედ მოსკოვის არგაღიზიანების გამო მოხდა. რუსეთის ეკლესია ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს წირვებში აღარ მოიხსენიებს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლის ეკლესიამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა და შესაბამისი დოკუმენტი - ტომოსი - გადასცა.
დაზუსტებით არ ვიცით, ჰქონდა თუ არა თავად ბართლომეოსს წირვაში მონაწილეობის სურვილი. გამოცდილება აჩვენებს, რომ შესაძლოა, მსოფლიო პატრიარქმა ეკლესიათა განსვენებულ პირველიერარქებს წესი აუგოს, ხოლო წირვა ადგილობრივმა სინოდის წევრებმა აღავლინონ. ილია მეორის დაკრძალვაზე მსახურება კვირას, დილის 9 საათზე, დაიწყება, ხოლო მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დღის 12 საათისთვის მივა.
დაზუსტებული ცნობა არც იმის შესახებ არსებობს, მიიღებს თუ არა წირვაში მონაწილეობას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი. მოსკოვის საპატრიარქო თბილისში ბელარუსის ეგზარქოსს, ბენიამინს, გზავნის.
ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. დაკრძალვის დეტალები სინოდის სხდომაზე გადაწყდა. სხდომა სწორედ ამ მიზნით შეიკრიბა. ბოლო 49 წლის განმავლობაში ეს იყო მაღალერარქების პირველი შეკრება, რომელსაც ილია მეორე არ უძღვებოდა.
