სულ ცოტა რჩება ე.წ. კლანის რჩეულების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებამდე. კლანის ლიდერად წოდებული ჩინჩალაძე დღეს მოსამართლეთა კონფერენციაზე არ გამოჩენილა. მოსამართლე ლევან მურუსიძემ კი, სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკის გამო, არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა. მიზეზი ამჯერად ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის პროცესია. ლევან მურუსიძე ირწმუნება, რომ წინასწარ გარანტია 20 კანდიდატიდან არავის აქვს. მათ შორის არც იუსტიციის საბჭოს ყოფილ და მოქმედ წევრებს; არც გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს და არც სასამართლოს ინსპექტორს, რომელიც წარსულში მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე იყო.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებასა და სასამართლოს გავლენიან ჯგუფს შორის გარიგება უკვე შემდგარია. ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე ფიქრობს, რომ პარლამენტში ახლა მხოლოდ ფორმალური პროცესები მიდის. არასამთავრობო სექოტორში ვარაუდობენ, რომ პარლამენტისთვის წარდგენილი 20 კანდიდატიდან მოსამართლის მანტიას ყველა ვერ მოირგებს. პოლიტიკური ქულებისთვის მმართველი პარტია კანდიდატების ნაწილს გაწირავს. ვინ გახდება ქვეყნის უზენასი ინსტანციის მოსამართლე უვადოდ - ეს წლის ბოლომდე გაირკვევა. გასაუბრებები პარლამენტში ორშაბათიდან უნდა განახლდეს.