აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი აზერბაიჯანში დააკავეს, ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხება და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს კრძალავს.
მუხთარლი ამბობს, რომ ივანიშვილი რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია.
"ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ მოწოდებას შეიცავს. დიდება! ივანიშვილი იყო ქურდი, მექრთამე და კორუფციონერი. ის აყალბებს არჩევნებს, კრძალავს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და ამომრჩევლების მოსყიდვით არის დაკავებული. ის ჩვენ რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია. ჩემი გატაცება საქართველოდან და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალებით მოხდა. ახლაც კი მისი დავალებით არ იძიებენ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეს...უკრაინა იბრძვის ჩვენთვის, ყველასთვის. ეს გვიცავს არა მხოლოდ რუსული აგრესიისგან, არამედ პატარა სუტენიორებისგან", - წერს ჟურნალისტი.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. რეზოლუციის საბოლოოდ ტექსტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ფორმულას ინფორმაციით შესწორება, რომელიც ივანიშვილს ეხება, დოკუმენტში შევიდა.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია. დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები, ასევე, TV პირველის მფლობელებისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა.
***
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა.
ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. გასული წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.