საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ადამიანის ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კმ-ში იპოვეს.
მისი თქმით, დღის განმავლობაში სტიქიის ზონაში, მდინარის კალაპოტში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს - მათგან 1 ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში, დანარჩენი 2 კი 2კმ-ში. სამივე ცხედარი პროზექტურაში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, მღებრიშვილის თქმით, დღეს სამძებრო სამუშაოებისას იპოვეს ადამიანის ქვედა კიდურიც, რომელიც ასევე პროზექტურაში გადაიტანეს.
"პირველი ნაპოვნი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებით იყო ნაპოვნი, დანარჩენი 2 ცხედარი დაახლოებით 2 კმ-ის მოშორებით, ერთმანეთის გვერდით სადღაც 200 მეტრის რადიუსში" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.