logo
ENG



მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ივერი მელაშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

25 იან 202118:22
3 წუთის საკითხავი
 
მშვენიერაძე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ივერი მელაშვილის საუბრის ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც უწყებას არ გაუსაჯაროვებია.

მშვენიერაძის განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც 25 სექტემბერს არის გაკეთებული, პროკურატურამ დაცვის მხარეს გამოძიების დასრულების წინა დღეს, 20 იანვარს გადასცა.

მისივე თქმით, ჩანაწერში დაკავებული კარტოგრაფი ივერი მელაშვილი და ერთ-ერთი მოწმე - სავარაუდოდ, გივი კეკელიძე საქმის დეტალებზე საუბრობენ.

"ჩანაწერით დგინდება: ა) ყველა შეთანხმებული მონაკვეთი შეესაბამება 1938 წლის საზღვრის ხაზს; ბ) საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მორიგე რუკებით, რომელიც 1942 წელს არის გამოცემული და მასზე დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი; გ) გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია (ჩვენმა მხარემ არ დაუშვა მისი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად აზერბაიჯანის სასარგებლო სიტუაცია იყო", - აცხადებს მშვენიერაძე.

 21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".

როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.

  • პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა