მიშა მშვილდაძის განცხადებით, საიდუმლო ფაილების გავრცელება სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ახლა მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება რაიმე სხვა საკითხზე გადაიტანოს.
მშა მშვილდაძე, ფორმულას ჟურნალისტების მსგავსად, ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე არის დაბარებული.
მშვილდაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გარკვეული სახის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მიწოდება შეეძლოთ. მიშა მშვილდაძის თქმით, მათ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მისივე განცხადებით, არ აპირებს წყაროს გაცემას - "წყაროს გათქმას მე არ ვაპირებ, ადამიანობაც მაძლევს ამის ვალდებულებას და კანონი უფლებას" - ამბობს ის.
როგორც მიშა მშვილდაძე ყვება, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ გაუჩნდა ეჭვი, რომ ქართულ ოცნებაში სწორედ ზემოხსენებული კადრების შესახებ საუბრობდნენ. მისივე თქმით, კადრების გავრცელება, ამ შემთხვევაშიც, სრულად ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
"საქმე გვაქვს ალბათ იმასთან, რომ ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ფასად მზად არიან, ყურადღება გადაიტანონ რაღაც სხვაზე და არა იმაზე, რომ სახელმწიფოში გვყავს მონსტრი სუს-ის სახით, რომელიც ყველას უსმენს, არ არსებობს მათთვის არაფორმალური ავტორიტეტები, არ არსებობს მათთვის უცხოელი ელჩები, რაც დიდი საერთაშორისო სკანდალია. მდინარაძემ კითხვაც კი დასვა, რას ამბობთ, რაც ხდება, ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არისო და დიახ, მამუკა, ყველაფერი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მინიმუმ წილი მაინც, ხშირ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ იმ კადრებზეა საუბარი, რაზეც გამიგია, ის თუ გავრცელდება, ცალსახად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ამ კადრების არსებობის შესახებ დიდი ხანია, არის ჭორები და ამ სუს-ს, ხელისუფლებას ეს უნდა სცოდნოდა. მათ აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, ამ კადრების გავრცელება არ დაუშვან", - ამბობს მიშა მშვილდაძე.
მიშა მშვილდაძის აზრით, გამოსავალი არ არის მხოლოდ კონკრეტული უწყების ფორმირება ან გაუქმება, მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება არ იყოს ერთი ჯგუფის ხელში.
"უნდა ვიყოთ უკომპრომისოები. 2012 წელს, როცა ეს [კუდ-ის გაუქმება] ჩაატარეს და მერე პირდაპირ სიგნალები გაჩნდა, რომ ეს ტყუილი იყო, რვა წლის განმავლობაში თავს ვიტყუებდით, არა არ მოგვარებულა, დისკების დაჭრით ეს პრობლემა არ მოგვარდებოდა. მერე იყო ბევრი შემთხვევა, როცა უნდა გვქონოდა მკაცრი რეაქცია. ამაში ყველაზე მეტად დაგვეხმარება, თუ ხელისუფლება არ იქნება ისეთი ერთპარტიული, ისეთი ერთპიროვნული, როგორიც გვყავს ახლა. კოალიციური მთავრობა არის გამოსავალი, სწორი სისტემური გამოსავალი", - აცხადებს მშვილდაძე.
13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.