16 წლის მწყემსის დედა აცხადებს, რომ ბიჭმა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იმ დროს შენიშნა, როდესაც პირუტყვი საძოვარზე ჰყავდა წაყვანილი.
"ფეისბუქში ბავშვმა ნახა, რომ დაკარგულია გოგო. დედა ბუჩქებში მანქანა ვნახეო, ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა. შემთხვევით შეხვდა მამამისი და უთხრა, მამა ამ ფერის მანქანა ვნახეო. დაურეკეს პოლიციის თანამშრომლებს და 5 წუთში მოვიდა პოლიცია", - ამბობს მწყემსის დედა "ფორმულანიუსის" გადამღებ ჯგუფთან.
ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, 16 წლის მწყემსი მშობლების თანხლებით პოლიციაში გადაიყვანეს და მომხდარი დეტალურად გამოკითხეს. "ფორმულანიუსთან" საუბრისას, თვითმხილველის დედა ამბობს, რომ მის შვილს სხვა დროს ამ ადგილას არ გაუვლია, შესაბამისად, უცხო ავტომანქანა წინა დღეებში არ შეუნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.