სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული კაცის ძიებაში 6 მყვინთავი ჩაერთო - ისინი ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავით და სპეციალური აღჭურვილობით ახდენენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველიც.
„პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს რამდენიმე საათია, ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.