თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ დამცველების აქცია იმართება. აქციის მონაწილეები იმ სკვერის აღდგენას ითხოვენ რომელიც, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახსრებით მოაწყვეს, დღეს დილით კი კომპანიის თანამშრომლებმა დაანგრიეს.
აქციის მონაწილეებმა სცადეს მერიის შენობაში შესვლა, რასაც მათსა და დაცვის თანამშრომლებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეები პატრულს სთხოვდნენ, რომ შესვლის უფლება მიეცათ, იმისათვის რომ კალაძის სახელზე წერილი დაეწერათ.
„ამას გამოგდება ქვია რაც მიქნეს? „ბიჩოკივით“ გადმომაგდეს მერიიდან. მოვითხოვდი, რომ ყველა მოქალაქე შემოეშვათ, რადგან აქციის მონაწილეებს არ უშვებდნენ და სხვებს უშვებდნენ. ასე ხელი მომკიდეს და გადმომაგდეს“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, კი მშენებლობის შედეგად არამარტო სკვერი, არამედ ეზოც დაზიანდება.
„ანას ბაღს ფუნქცია ეკარგება. ექსპერტების დასკვნა გვაქვს. მზე არ უდგება ბაღს. სკვერი განადგურდება. მეორე ისაა, რომ მშენებლობა ჩვენს ეზოში მიმდინარეობს. ჩვენი ეზო იყო, ბავშვები ველოსიპედით სეირნობდნენ“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა მოხალისემ ერთი ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ. დღეს დილით სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა სკვერის დემონტაჟი დაიწყეს.
„ანას ბაღის“ მცველებს ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ბენაშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ მათ ყველანაირი უფლება აქვთ, რომ ტერიტორიიდან პარტიზანი მებაღეებისა და მოსახლეობის მიერ მიტანილი ინვენტარი გაიტანონ.
ფაქტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა და „ანას ბაღს“ საფრთხე არ ემუქრება.
„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.