პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტის არ ჩავარდნა დამოუკიდებელი დეპუტატების, პატრიოტთა ალიანსისა და უფრაქციო დეპუტატების დამსახურებაა. ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებასა" და ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სივრცე არ დარჩათ კანონპროექტის ჩაგდების.
„ჩვენ, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, "პატრიოტთა ალიანსმა" და უფრაქციო დეპუტატებმა არ დაგიტოვეთ არც თქვენ და არც ე.წ. რადიკალურ ოპოზიციას სივრცე, რომ ეს კონსტიტუციური კანონი ჩაგეგდოთ იმ დღეს. შანსი არ დაგიტოვეთ, რომ ერთმანეთისთვის დაგებრალებინათ. ჩვენი როლი გამოყავით ამ პროცესში, ჩვენ ავიღეთ ამ პროცესში ჩვენი პასუხისმგებლობა. პროპორციული არჩევნების სურვილი რომ გქონოდათ, ამას ადრე გააკეთებდით, როდესაც უკეთესი სახით იყო კანონპროექტი შემოსული. ეს არის სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი როლი ამ პროცესში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კენჭს უყრის. პროცესში მონაწილეობის მიღებას ფრაქცია „ევროპული საქართველოს" დეპუტატები აღარ აპირებენ. უცვლელია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაც.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.
განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძის თქმით, პირველ მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობით მათ „ქართულ ოცნებას" ქმედითი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისთვის დამატებითი დრო მისცეს - კერძოდ, გიორგის რურუას საპატიმროდან გათავისუფლებისთვის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.