logo
ENG



ნაცვლიშვილი: ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ომბუდსმენის არშეშვება საშიში პრეცედენტია

13 მაი 202117:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/13/yes0til484bf3kx.jpg

პარტია ლელო-ს წევრი ანა ნაცვლიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა, სადაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ უშვებენ.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კერძო პირების მხრიდან კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობისთვის ხელის შეშლა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკიდურესად საშიში პრეცედენტია.

"უკვე კვირეებია, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ხდება სახელმწიფოს ჩანაცვლება კერძო პირების მხრიდან, რომლებიც არ აძლევენ შესაძლებლობას კონსტიტუციურ ორგანოს, სახალხო დამცველს, შევიდეს და შეისწავლოს ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობა. ეს ყოვლად დაუშვებელი მოქმედებაა, რადგან საქმე ეხება საზოგადოების ყველაზე უფრო მოწყვლად ნაწილს, რომელთა უფლებების დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში. ამ ბავშვების მდგომარეობა ორმაგად მოწყვლადია მათი სოციალური სტატუსის გამო. ეს არის უკიდურესად საშიში პრეცედენტი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან პარლამენტს მოუწოდა, გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კერძო პირები თავს უფლებას აძლევენ, განაცხადონ, რომ სახელმწიფო აქ მე ვარ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამასთან შეგუებას, არ გაგვიკვირდეს, რომ ხვალ ასეთი შემთხვევა იქნება 10, 20, 200 და 1000. ხომ გვინახავს ასეთი პრეცედენტები? ზოგი კომბლით დარბის ქუჩაში და ზოგი რას აკეთებს. შევეგუოთ ამას? ეს არის სახელმწიფო? აქ პარლამენტის სუვერენულ უფლებებზე იყო საუბარი.

მინდა, მოგიწოდოთ ინდივიდუალურადაც და როგორც პარლამენტმა, სასწრაფოდ გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ყველა აღმასრულებელი უწყება, რომელიც დღეს თავისი ინიციატივითაც უნდა აკეთებდეს ამას, ჩაერთოს, რათა სასწრაფოდ შეწყდეს ეს უკანონობა. წარმოუდგენელია ამის მოთმენა და ის, რომ დუმს აქამდე პარლამენტი, მისი შესაბამისი კომიტეტები, თუ საბჭოები და აღმასრულებელი უწყებებიც", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ დროებითი ზომის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 7 აპრილს გაავრცელა. PHR-ის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ გაეროს რეკომენდაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ბენეფიციარების მდგომარეობა უნდა შემოწმდეს.

2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ "ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს". 

10 მაისს,  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მოუწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აღასრულონ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გამოცემული დროებითი ზომა.


close დახურვა